
რუსეთის ზარალის კომპენსირებას გათავისუფლებული პერსონალის ხარჯზე ცდილობს – ბრიტანული დაზვერვა
10/04/2022 10:15:00 ევროპა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალები, უკრაინაში შეჭრისგან მიღებული ზარალის კომპენსირებას 2012 წლიდან სამხედრო მსახურებიდან გათავისუფლებული პერსონალის ხარჯზე ჯარების რაოდენობის გაზრდას ცდილობს.
ასევე, რუსი სამხედროები ძალების მობილიზებას მოლდოვის არაღიარებული დნესტრისპირეთის რეგიონიდან ახდენენ.
მანამდე CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთს სურს, თავი მოუყაროს 60 000-მდე ახალ ჯარისკაცს წვევამდელების და რეზერვისტების მობილიზების ხარჯზე, თუმცა CNN–ის თანამოსაუბრეს ეეჭვებოდა, მცდელობის წარმატებით განხორციელებას.
ამასთან, აშშ-ის დაზვერვას არ დაუფიქსირებია სრულად აღჭურვილი და სათანადოდ გაწვრთნილი თავისუფალი ნაწილების არსებობა იმ ბატალიონების და ტაქტიკური ჯგუფების შესავსებად, რომელთაც ბრძოლისუნარიანობა დაკარგეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს და ზურგში იქნენ გაყვანილნი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამერიკელი სამხედროების შეფასებით, რუსეთმა შეინარჩუნა უკრაინაში შეჭრამდე მის საზვართან თავმოყრილი სამხედრო ძალის 85%. ეს შეფასება მოიცავს ტანკებს, გამანადგურებლებს, სარაკეტო სისტემებს და პერსონალს. თუმცა რუსებმა ვერ შეძლეს ჯარის ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარება, ამიტომ, ოფიციალური პირის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრძოლისუნარიანი ჯავშანტექნიკის აღდგენა მნიშვნელოვანი სიჩქარით მოახერხონ.
ამასთან, მათ შორის დასავლეთის სპეცსამსახურებიც მიუთითებენ სამხედროების დემორალიზებაზე.