
ოლაფ შოლცი: „ვლადიმირ პუტინს ვესაუბრებით რუსული არმიის დანაკარგებზე, ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც ახლო წრიდან ალბათ, არ იღებს“
08/04/2022 19:20:46 ევროპა
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცი ამბობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად ცდილობს, ვლადიმირ პუტინს მიაწოდოს სიმართლე დაღუპულ რუს ჯარისკაცებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრებიან რუსული არმიის დანაკარგებზე და რომ პუტინის გეგმები ვერ განხორციელდება, როგორც მას სურდა.
„ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც ის, ალბათ, არ იღებს მისი ახლო წრიდან“, – თქვა შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ბერლინი და პარიზი ათანხმებენ თავიანთ პოზიციებს სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან.
ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია სავარაუდოდ, შეძლებს, შეაჩეროს რუსული ნავთობის იმპორტი მიმდინარე წელს.