
ბრიტანული დაზვერვა: "კიევიდან და ჩერნიგოვოდან გაყვანილი რუსული ძალების გადაჯგუფებას სულ მცირე, ერთი კვირა დასჭირდება"
08/04/2022 06:05:57 ევროპა, მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, კიევიდან და ჩერნიგოვოდან გაყვანილი რუსული ძალების გადაჯგუფებას სულ მცირე, ერთი კვირა დასჭირდება.
როგორც ბრიტანული დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინის ჩრდილოეთიდან რუსული ძალები ახლა სრულად არის გაყვანილი ბელარუსსა და რუსეთში. ამ ძალების ნაწილი უკვე გადაყვანილია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში.
„ამ ძალების უმეტესობას გაძლიერება და შევსება დასჭირდებათ, ვიდრე მათ უკრაინის აღმოსავლეთით გააგზავნიან. ნებისმიერი გადაჯგუფება სულ მცირე ერთ კვირას გასტანს“, – აცხადებენ უწყებაში.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მდებარე უკრაინული ქალაქების მისამართით ცეცხლს კვლავ ხსნიან. რუსული ძალების ნაწილი გადაადგილდება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ იზიუმის მიმართულებით, თუმცა უკრაინელები მათ შეჩერებას ახერხებენ.
მანამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი ჯარების რაოდენობის შევსებას ცდილობს და რომ რუსეთის სამხედრო აღრიცხვის ოფისებმა გააორმაგეს ძალისხმევა "საკუთარი დანაყოფების ადამიანური რესურსებით შევსების პრობლემის გადასაჭრელად".
უკრაინა აცხადებს, რომ რუსები 2012 წელს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს იწვევენ, მათ შორის მძღოლებს, მექანიკოსებს, დაზვერვის სპეციალისტებს და უმცროს მეთაურებს.