აშშ-მა საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ "უკრაინას დონბასში ოპერაციებისთვის ინფორმაციას აწვდის"
07/04/2022 18:33:42 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პირველად განაცხადა საჯაროდ, რომ აშშ უკრაინულ ძალებს აწვდის დაზვერვას დონბასის რეგიონში ოპერაციების ჩასატარებლად - იუწყება CNN.
სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემისას, ოსტინს ჰკითხეს, აწვდიდა თუ არა შეერთებული შტატები ინფორმაციას, რათა რუსული ძალების წინააღმდეგ ოკუპირებულ დონბასის რეგიონში ან ოკუპირებულ ყირიმში თავდასხმების განხორციელებაში დახმარებოდა.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ…დაზვერვით, რომ ჩაატარონ ასეთი ოპერაციები… დონბასში. ეს სწორია“, - თქვა ოსტინმა სენატორის ტომ კოტონის კითხვის საპასუხოდ.
ამასთან, ოსტინმა თავის პასუხში ყირიმი არ ახსენა. ოსტინმა თქვა, რომ პენტაგონი დღეს უკრაინას „განახლებულ მითითებებს“ გაუგზავნის, მაგრამ ის ცალსახად არ ასახელებს, რას მოიცავს ეს მითითებები.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის ხელისუფლების, ნატო–სა და აშშ–ის განცხადებით, მოსკოვი ამჟამად დონბასის ასაღებად ემზადება.


