Accentnews.ge
როგორ გამოიყვანა 76 წლის ქალი 18 დღიანი კომიდან ენდოკრინოლოგის  დიაგნოზმა

როგორ გამოიყვანა 76 წლის ქალი 18 დღიანი კომიდან ენდოკრინოლოგის დიაგნოზმა

07/04/2022 16:38:57 საზოგადოება

18 დღე უგონო მდგომარეობაში!.. ყვლაფერი დაახლოებით, ორი წლის წინ ზოგადი სისუსტით დაიწყო, თუმცა სისუსტე პროგრესირდა, პაციენტს უჭირდა წონასწორობის დაცვა, იმატა ძილიანობამ, თავი იჩინა ნევროლოგიურმა პრობლემებმაც და დაიწყო უსასრულო კვლევები.

„ასაკსაც ვუკავშირებდით, თუმცა ძალიან დასუსტდა, ხშირად ეცემოდა, სულ იწვა... თითქმის ყველა ექიმს მივმართეთ – თერაპევტს, ნევროლოგს... ანალიზებში აღმოჩნდა მაღალი კალციუმი, რომელსაც რატომღაც მანამდე არავინ აქცევდა ყურადღებას. ნევროლოგმა გვირჩია, ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია“,– გვიყვება პაციენტის – 76 წლის ნელი ჯაფარიძის რძალი – ნინო.

ამგვარად მივიდა ოჯახი ენდოკრინოლოგ მერი დავითაძემდე და დაისვა დიაგნოზიც – ჰიპერკალცემია:

„როგორც უკვე ვთქვი, ანალიზებში მაღალი კალციუმი მანამდეც ფიქსირდებოდა, თუმცა ყურადღებას ამას არც თავად და არც ის თერაპევტები აქცევდნენ, ვისთანაც მანამდე დადიოდა. სწორედ ენდოკრინოლოგმა გვირჩია, რომ უნდა მიგვეხედა ამისთვის, გვითხრა, რომ მკურნალობას არ ექვემდებარება და რომ საოპერაციო იყო, რასაც სიმართლე გითხრათ, საწყის ეტაპზე ეჭვით შევხედეთ. მაგრამ ეს ჩვენი ეჭვები წინ დაგვხვდა: დედას შედარებით უკეთესობა ჰქონდა გადასხმებით, რომელიც ენდოკრინოლოგმა გვირჩია, მუხლის ოპერაციაც გავუკეთეთ (მანამდე პრობლემა ჰქონდა) და გვეგონა, რომ კარგად გახდებოდა, მაგრამ ისევ უკან დაბრუნდა ყველაფერი. შარშან ზაფხულს კვლავ დაეწყო სისუსტეები, იგივე სიმპტომები, შემოდგომაზეც გაგრძელდა“.

ვინაიდან მდგომარეობა რთულდებოდა, ოჯახი მივიდა დასკვნამდე, რომ დაჰყოლოდა ენდოკრინოლოგის რჩევებს:

„შარშან მდგომარეობიდან როგორღაც გამოვიყვანეთ, წელს კი არაფერმა უშველა. უფრო და უფრო მძიმდებოდა, ნევროლოგიურ პრობლემაში გადაიზარდა, კომაში ჩავარდა (ახალ წლამდე 10 დღით ადრე), მხოლოდ სუნთქავდა. 4 იანვარს დავაწვინეთ კლინიკაში. იქაც კი ნევროლოგიურში იწვა – კავკასიის მედიცინის ცენტრშიც ეჭვობდნენ, ალბათ, უფრო ნევროლოგიური პრობლემაა, ვიდრე ენდოკრინოლოგიურიო, თუმცა მდგომარეობიდან მაინც ენდოკრინოლოგიურმა მკურნალობამ გამოიყვანა“.

ჩატარდა ოპერაციაც – 76 წლის პაციენტს პარათირეოიდული ჯირკვლის ადენომის ამოკვეთა წარმატებით ჩაუტარდა.

„ის ურთულესი პერიოდი თავად არც ახსოვს. მადლობა ღმერთს, რომ დავუჯერეთ ენდოკრინოლოგს, ოპერაცია გაკეთდა და მართლა ფეხზე დადგა ადამიანი. გულწრფელად ვიტყვი, რომ მართლაც არაჩვეულებრივები იყვნენ ენდოკრინოლოგი მერი დავითაძე, ონკოქირურგი - თეა პაპიძე და ენდოკრინოლოგი ნინო თედორაძე“– დასძენს პაციენტის ოჯახის წევრი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S