
რუსლან აბაშიძემ მედიცინის ღვაწლმოსილი მუშაკები დააჯილდოვა
07/04/2022 09:35:58 საზოგადოება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესთან ერთად ღვაწლმოსილ მედიცინის მუშაკებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ასევე აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს სამსახურეობრივი მივლინებით მყოფი მედიკოსები, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე, დაჭრილი მეომრებისა და რიგითი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს იცავდნენ.
მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სიცოცლხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობის წევრებთან ერთად თითოეულ მათგანს განსაკუთრებული დამსახურების, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ღონისძიების ფარგლებში მედიცინის 35 მუშაკი და 20 სამედიცინო კლინიკა დაჯილდოვდა.
შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რუდიკ ცატავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.