
„სასოწარკვეთილები არიან“– ირლანდიაში რუსეთის საელჩოს პრობლემები შეექმნა
07/04/2022 09:09:09 ევროპა, მსოფლიო
ირლანდიაში რუსეთის საელჩო შენობის გასათბობად 3000 ლიტრი საწვავის მოპოვებას დედაქალაქის გარეთ ცდილობს, რადგან დუბლინის კომპანიები რუსი დიპლომატების მომსახურებაზე უარს ამბობენ,– იუწყება Irish Mirror.
როგორც მედია წერს, საელჩომ დახმარების თხოვნით ქვეყნის მავრობას მიმართა, რადგან აღარ აქვთ საწვავი წყლის გასაცხელებლად და შენობის გასათბობად, ხოლო შექმნილ ვითარებას დისკრიმინაციული უწოდა.
"რუსები სასოწარკვეთილები არიან. ეძებენ 3 000 ლიტრ მაზუთს. ისინი მზად არიან, გადაიხადონ ნებისმიერი თანხა. მათ მარაგი ჯერ კიდევ შაბა–კვირისთვის ეწურებოდათ. საელჩო ცდილობდა, საწვავის მიღებას დუბლინში მდებარე რამდენიმე ნავთობკომპანიისგან, შემდეგ მომწოდებლებს გარეუბნებში და მიმდებარე რაიონებში ეძებდა",– ამბობს წყარო და დასძენს, რომ კომპანიებმა მენეჯმენტთან კონსულტაციის შემდეგ უარი თქვეს საწვავის მიწოდებაზე უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი ბარბაროსობის გამო.
თავად საელჩომ მედიასთან თემის კომენტირებაზე უარი განაცხადა, ხოლო როდესაც ვითარების შესახდებ ირლანდიის ვიცე-პრემიერს ჰკითხეს, ლეო ვარადკარმა განაცხადა: „არანაირი სიმპათია არ მაქვს რუსეთის მთავრობის, რუსეთის საელჩოს მიმართ“.
ირლანდიის მთავრობა ამჟამად განიხილავს, აქვს თუ არა რაიმე სახის ვალდებულება, რომ ჩაერიოს და დაეხმაროს საელჩოს ვენის კონვენციის შესაბამისად. მაგრამ წყაროები ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო „ნამდვილად ვერ აიძულებს კომპანიებს მომსახურებას“.
გასულ კვირას ირლანდიაში რუსეთის საელჩოს ოთხ მაღალჩინოსანს მოსთხოვეს, დაეტოვებინათ ქვეყანა, რადგან „მათი საქმიანობა არ შეესაბამება დიპლომატიური ქცევის საერთაშორისო სტანდარტებს“.