ბლინკენი: "უკრაინას თითოეულ რუსულ ტანკზე 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მივაწვდით"
07/04/2022 06:22:05 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს."აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას უკვე მიაწოდეს და უახლოეს მომავალშიც მიაწვდიან 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას თითოეულ რუსულ ტანკზე", – განაცხადა მან NBC–სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, რუსეთთან ბრძოლაში უკრაინა გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები ან რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას დამატებით 100 მლნ დოლარის ღირებულების "ჯაველინებს" გადასცემს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, „ჯაველინების“ ეს პარტია იქნება აშშ-ის მიერ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის გაწეული დახმარების რიგით მეექვსე პაკეტი 2021 წლის აგვისტოს შემდეგ.
საერთო ჯამში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან აშშ-ის დახმარება უკრაინისადმი 1,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.


