ყაზახეთი: "მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად"
06/04/2022 11:10:30 მსოფლიო
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მუხტარ ტილეუბერდის განცხადებით, მისი ქვეყანა არ აღიარებს უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონებს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად".
ამასთან, მან დასძინა, რომ ყაზახეთი "არ უერთდება" სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის გამო.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია სანქციების უარყოფითი გავლენის პრევენცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ტერიტორია არ იყოს გამოყენებული ამ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად", - ამბობს ტილეუბერდი.
რადიო თავისუფლების კითხვას, რომელიც ეხებოდა ყაზახეთის გადაწყვეტილებას თავი შეეკავებინა გაეროს სხდომაზე, სადაც კენჭს უყრიდნენ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დასაგმობ ორ რეზოლუციას, ტილეუბერდიმ უპასუხა:
"თავის შეკავებაც პოზიციაა, რომელიც დაკავებულ იქნა ყაზახეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით".
უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე მოსკოვმა "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორია და შეჭრის ერთ-ერთ საბაბად მოიყვანა მათი "დაცვა".
ყაზახეთს მოსკოვი ღიად არ გაუკრიტიკებია უკრაინაში შეჭრის გამო.


