
„მკვლელები კვალს ფარავენ“ – მარიუპოლში კრემატორიუმების შეყვანის შესახებ იუწყებიან
06/04/2022 10:58:30 ევროპა, მსოფლიო
დონეცკის ოლქის ნაწილობრივ ოკუპირებულ მარიუპოლში რუსული მობილური კრემატორიუმები გამოჩნდნენ, – იუწყება მარიუპოლის საკრებულო.
როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული, ოკუპანტები წვავენ ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს და კვალის წაშლას ცდილობენ.
„მკვლელები კვალს ფარავენ – მარიუპოლში დაიწყო რუსული მობილური კრემატორიუმების მოქმედება. ბუჩაში ჩადენილი გენოციდის ფართო საერთაშორისო გახმაურების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ბრძანა, გაენადგურებინათ მარიუპოლში მისი არმიის დანაშაულის მტკიცებულება.
წინასწარი შეფასებით, 5000 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ქალაქის სიდიდის, კატასტროფული ნგრევის, ბლოკადის ხანგრძლივობისა და მკაცრი წინააღმდეგობის გათვალისწინებით, მარიუპოლის ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლება, გახდეს დამპყრობლების მსხვერპლი: რუსეთი არ ჩქარობს „მწვანე შუქი“ მისცეს თურქეთის მისიას და სხვა ინიციატივებს მარიუპოლის გადარჩენისა და სრული ევაკუაციისთვის. გარდა ამისა, ისინი ცდილობენ, გამოავლინონ ოკუპანტების სისასტიკის ყველა პოტენციური მოწმე და გაანადგურონ“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
ამავე შეტყობინების მიხედვით, რუსებმა შავი სამუშაო პრორუსი სეპარატისტების ბრიგადებს დაუტოვეს:
„აგროვებენ და წვავენ რუსეთის შემოჭრის შედეგად დაღუპული მარიუპოლის მაცხოვრებლების ცხედრებს.
ამ ჯგუფების მუშაობას უშუალოდ კოორდინაციას უწევს თვითგამოცხადებული მერი კონსტანტინე ივაშჩენკო.ეს უკვე აღარ არის ჩეჩნეთი, ან ალეპო!“.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ 6 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე, ომით გაჩანაგებულ ქალაქ მარიუპოლში გრძელდება ინტენსიური ბრძოლა და რუსეთის საჰაერო დარტყმები.
ქალაქში უარესდება ჰუმანიტარული ვითარება, იქ დარჩენილ 160 ათასამდე მოსახლეს არ მიეწოდება ელექტროენერგია, კომუნიკაციები, წამლები, გათბობა და წყალი - ამბობს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.
"რუსეთის ძალები ბლოკავენ ჰუმანიტარულ წვდომას, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ დამცველები აიძულონ ჩაბარდნენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
წინა დღით უკრაინა კვლავ ცდილობდა ხალხის ევაკუაციას მარიუპოლიდან და სხვა ადგილებიდან. 5 აპრილს წასვლა შეძლო 3,800-მდე ადამიანმა შეთანხმებული ჰუმანიტარული დერეფნების გამოყენებით - ამბობს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი. მაგრამ შვიდი ავტობუსისგან შემდგარმა კოლონამ, რომელსაც მარიუპოლიდან უნდა გაეყვანა ხალხი, ვერ შეძლო რუსეთის მიერ მოწყობილი ბლოკადის გარღვევა - დასძენს ის.