
ზელენსკი – გაერო–ს: „ან გარიცხეთ რუსეთი, ან დაიხურეთ“
05/04/2022 16:15:59 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ შორის ბუჩაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეოხიდის საშუალებით ისაუბრა.
„გუშინ დავბრუნდი კიევთან მდებარე ბუჩადან, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან. არ დარჩენილა დანაშაული, რომელიც იქ მათ არ ჩაიდინეს. რუსული შეიარაღებული ძალები ეძებდნენ და გამიზნულად კლავდნენ ნებისმიერს, ვინც ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდა. მათ მოკლეს ქალები საცხოვრებელ სახლებთან, როდესაც ისინი გადარჩენილებს ეძებდნენ. მათ დახოცეს ოჯახები, ზრდასრულები და ბავშვები, შემდეგ კი ცხედრების დაწვას ცდილობდნენ. მოგმართავთ იმ ხალხის სახელით, რომლებიც პატივს მიაგებენ გარდაცვლილებს, იმ მშვიდობიანი მოქალაქეების სახელით, ვინც დაიღუპა, წამების შემდეგ კეფაში ესროლეს, ზოგიერთი მათგანი ქუჩაში ჩაცხრილეს, ზოგი ჭაში ჩააგდეს, ისინი წამებით დაიღუპნენ. ისინი მოკლეს სახლებში, ყუმბარების აფეთქებისას, მშვიდობიან მოქალაქეებს თავიანთი სიამოვნებისთვის, ტანკებით გადაუარეს, როდესაც ისინი მანქანით გადაადგილდებოდნენ. მათ მოკვეთეს კიდურები, გამოჭრეს ყელი, ქალები გააუპატიურეს და მოკლეს მათი შვილების თვალწინ. ეს არ განსხვავდება სხვა ტერორისტებისგან, როგორიცაა „დაეში“, რომელმაც გარკვეული ტერიტორია დაიკავა. აქ კი ამას ახორციელებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი!“, – მიმართა გაწრო–ს წევრებს ზელენსკიმ.
პრეზიდენტი პროგნოზირებს, რომ რუსები დაადანაშაულებენ ყველას, რათა გაამართლონ თავიანთი ქმედებები:
„ისინი იტყვიან, რომ არსებობს სხვადასხვა ვერსიები, შეუძლებელია, დადგინდეს, რომელია ამ ვერსიებიდან სიმართლე. ისინი იმასაც იტყვიან, რომ ცხედრები სავარაუდოდ გადაყარეს და ვიდეოები დადგმულია, თუმცა ახლა 2022 წელია. ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულებები, არსებობს სატელიტური ფოტოები, რომლებიც მომხდარს ასახავს, ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ სრული და გამჭვირვალე გამოძიება“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს წევრებს, ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ და სამხედრო დამნაშავეებად გასამართლდნენ რუსული შეიარაღებული ძალების ის წევრები, რომლებმაც გასცეს განკარგულება და შეასრულეს ბრძანება უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად ისე, როგორც ეს ნიურნბერგის პროცესის დროს მოხდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ:
"ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებას სიკვდილის უფლებად გარდაქმნის. ეს ძირს უთხრის მსოფლიო უსაფრთხოების მთელს არქიტექტურას. ისინი ანადგურებენ ყველაფერს, რისი განადგურებაც შეუძლიათ. ასე რომ, თუ ასე გაგრძელდება, ქვეყნებს ექნებათ მხოლოდ ის ძალა, რაც გააჩნიათ და ვერ დაეყრდნობიან საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, რათა უზრუნველყონ თავიანთი უსაფრთხოება.
გაერო შესაძლოა უბრალოდ დაიხუროს. ქალბატონებო და ბატონებო, მზად ხართ იმისთვის, რომ დაიხუროთ? ფიქრობთ თუ არა, რომ საერთაშორისო სამართლის დრო დასრულდა? თუ არა, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. გაეროს ქარტია დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს. სისტემა უნდა შეიცვალოს. ვეტო არ უნდა იყოს სიკვდილის უფლება.
გვჭირდებიან სერიოზული მოთამაშეები, რომლებიც მზად არიან, ბოლომდე გვერდში დაგვიდგებიან. 24 საათის განმავლობაში გვჭირდება იმ ქვეყნების წრე, რომელიც იარაღს მოგვაწვდის.
სად არის უსაფრთხოება, რომლის გარანტორიც უშიშროების საბჭო უნდა იყოს? აქ არ არის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უშიშროების საბჭო. სად არის მშვიდობა? სად არის ის გრანტიები, რომლებიც უნდა გარანტირებული უნდა იყოს?"- თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის პასუხისმგებლობა "გარდაუვლად უნდა დადგეს":
"მინდა, შეგახსენოთ გაეროს ქარტიის პირველი თავის პირველი მუხლი. რა არის ორგანიზაციის მიზანი? მისი მიზანი მშვიდობის შენარჩუნებაა. და ახლა, როცა გაეროს ქარტიის პირველი მუხლი პირდაპირი მნიშვნელობით დარღვეულია, რა არის სხვა მუხლების აზრი? [...]
უკრაინას აქვს მორალური უფლება, მოითხოვოს უსაფრთხოების სისტემის რეფორმა. ჩვენ ეს დავამტკიცეთ.
ახლა ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები გაეროს უშიშროების საბჭოდან უკრაინაში მშვიდობისთვის. თუ არ იცით, როგორ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება - შეგიძლიათ, გააკეთოთ ორი რამ:
გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წყარო. რუსეთი არის აგრესორი და ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს თავისივე აგრესიაზე. ამის შემდეგ უნდა გააკეთოთ ყველაფერი მშვიდობის დასამყარებლად.
ან, თუ არ არის სხვა გზა - დაიხურეთ".