
„ოკუპანტებს, რომლებიც ბუჩაში იმყოფებოდნენ, უკრაინაში ორი მიზნით აბრუნებენ“– უკრაინის დაზვერვა
05/04/2022 15:36:12 ევროპა
უკრაინის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთის 35-ე გაერთიანებული არმიის 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას, რომლის ჯარისკაცებმაც ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაული ჩაიდინეს, უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე დღეში დააბრუნებენ.
დაზვერვის სამსახურისთვის ცნობილია, რომ 4 აპრილის მდგომარეობით, ბრიგადა გაიყვანეს ბელარუსში, ქალაქ მოზირთან. 6 აპრილამდე პერსონალი სარკინიგზო ტრანსპორტით რუსულ ბელგოროდში გადაიგზავნება.ორდღიანი დასვენების შემდეგ კი მათ უკრაინაში დაბრუნებას გეგმავენ ერთ-ერთ ყველაზე „ცხელ“ წერტილში, სავარაუდოდ, ხარკოვის მიმართულებით.
როგორც უწყება აღნიშნავს, ასეთი განრიგი მიუთითებს, რომ 64-ე ბრიგადა "სპეციალური დავალებების" მოლოდინშია:
"ეს დავალება უპირველესად მშვიდობიანი მოსახლეობს დაშინებაა: მათ, ვინც ბუჩაში გენოციდის დანაშაული ჩაიდინა, შესაძლოა, ეს სხვა ქალაქებშიც გაიმეორონ.
უკრაინის ტერიტორიაზე 64-ე ბრიგადის სწრაფი დაბრუნების კიდევ ერთი მიზანი არასაჭირო მოწმეების სწრაფი „უტილიზაციაა“: გადანაწილება ფრონტის ისეთ სექტორში, სადაც ცოცხლად დარჩენის საშუალება არ ექნებათ, შესაბამისად, ვერც სასამართლოში მისცემენ ჩვენებას".
უკრაინის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ჯარისკაცები უკრაინაში დაბრუნების წინააღმდეგნი არიან, თუმცა რუსეთის სარდლობა ამას უგულებელყოფს და საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში მათ ტრიბუნალით ემუქრება. გადადგომა არ მიიღება განსახილველად.