
„ეს მეტია, ვიდრე კრიზისი“ – რუსი ოლიგარქი სანქციების ფონზე კრემლის გადაწყვეტლებებით შეშფოთებულია
05/04/2022 13:34:24 ევროპა, მსოფლიო
ნოვოლიპეცკის რკინისა და ფოლადის საწარმოს მთავარმა აქციონერმა ვლადიმერ ლისინმა უკრაინის ომთან და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა, იუწყება "Коммерсант".
ლისინი თვლის, რომ დღის წესრიგში დგას არა განვითარება, არამედ ბიზნესის გადარჩენა.
"წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მიწოდების ჯაჭვები ნადგურდება, ლოჯისტიკა, საგადახდო და ფინანსური ინფრასტრუქტურა იშლება. ამ ფონზე ყოველდღიურად იცვლება თამაშის წესები, ჩნდება ახალი შეზღუდვები", - ჩივის ბიზნესმენი.
ამ ფონზე ლისინის თქმით, შემაშფოთებელია რუსეთის ფედერაციის ზოგიერთი მარეგულირებელი ინიციატივა.
ასეთ ინიციატივებს შორის ის ასახელებს საექსპორტო საქონლის სიის გაფართოებას, რომელიც სავარაუდოდ, რუბლში უნდა გაიყიდოს.
„იდეა ისაა, რომ შეგიძლიათ, დაიწყოთ სასუქების, მარცვლეულის, ზეთის, ლითონების, ხე-ტყის, სხვა რამის გაყიდვა რუბლით. არ ვიცი, იქნებ გაზთან დაკავშირებით რამე გამოვიდეს, მაგრამ დანარჩენი? ლოჯისტიკურმა პრობლემებმა უკვე გაართულა პროდუქციის მომხმარებლისთვის მიწოდება. რუბლებში გადახდებზე გადასვლა უბრალოდ გაგვაგდებს საერთაშორისო ბაზრებიდან“, - განაცხადა ლისინმა.
მისი აზრით, არსებულ ვითარებაში მთავარი რეცეპტი არის ის, რომ ბიზნესს და ხალხს ახალ პირობებთან ადაპტაციის საშუალება მიეცეს.
"არსებული ვითარება მეტია, ვიდრე უბრალოდ მორიგი ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც ადრე შევხვდით. ის მოითხოვს ბევრად უფრო სერიოზულ მიდგომას და მაღალხარისხიან, დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ოლიგარქმა.