"მოველი, რომ მინისტერიალზე გადავწყვეტთ, გავაკეთოთ მეტი რუსული საფრთხის წინაშე მყოფი საქართველოსთვის"
05/04/2022 13:06:38 მსოფლიო
"მოველი, რომ მინისტერიალზე გადავწყვეტთ, გავაკეთოთ მეტი რუსული საფრთხის წინაშე მყოფი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის", – ამის შესახებ ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გააქტიურების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გააქტიურებით შეგვიძლია, დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს მედეგობა გააძლიერონ და ნებისმიერი შესაძლო აგრესიის პრევენცია მოახდინონ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, მისი თქმით, ხუთშაბათს ნატო-ში შეხვედრა გაიმართება, რომელსაც, მათ შორის საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაესწრება:
„ჩვენ შემოგვიერთდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომელიც ბოლოდროინდელი მოვლენების საქმის კურსში ჩაგვაყენებს, მათ შორის მოსკოვთან მოლაპარაკების თაობაზე. ფინეთი, შვედეთი, საქართველო და ევროკავშირი შეხვედრას დაესწრებიან და ჩვენ შემოგვიერთდებიან ნატო-ს პარტნიორები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან – ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია, კორეა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


