
11 აპრილიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა ამოქმედდება
05/04/2022 12:30:09 საზოგადოება
11 აპრილიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა ამოქმედდება. კერძოდ, ექიმს აღარ შეეძლება პაციენტს მიუთითოს, კონკრეტულად რომელიც წამალი იყიდოს სამკურნალოდ.
"აქამდე ექიმი წერდა იმ მედიკამენტს, რომელიც მას მიაჩნდა, რომ იქნებოდა ეფექტური. ახლა აფთიაქში მისვლის დროს ფარმაცევტი ვალდებული იქნება პაციენტს არჩევანის შესაძლებლობა მისცეს - შედარება უნდა მოხდეს იმ მედიკამენტებს შორის, რომლებსაც ერთმანეთის ჩანაცვლება შეუძლიათ. რეფორმა, რომელიც ფარმაცევტული სექტორის მიმართულებით ტარდება, მიზნად ისახავს, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტი მისაღებ ფასად", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, გაკონტროლდება, რა მედიკამენტი გამოწერა ექიმმა და რა გასცა ფარმაცევტმა:
"რისკი, რომ ექიმმა მიკერძოებულად გამოწეროს წამალი, გამორიცხულია. ელექტრონული რეცეპტის მიღმა თუ რამე რჩევას მისცემს, ეს შეიძლება მხოლოდ დარჩეს. აქ უკვე ფარმაცევტის პასუხისმგებლობაცაა, რადგან ის ვალდებულია, მაინც გამოწერილი გენერიკის მიხედვით შესთავაზოს ყველაზე იაფი სამი მედიკამენტი".
კონკრეტული წამლის გამოწერა საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკაა. არის შემთხვევები, როცა ამის სანაცვლოდ, ექიმები მწარმოებელი ან სააფთიაქო ქსელებიდან დამატებით ანაზღაურებასაც კი იღებენ.