
როგორ ეხმარება ცნობილი ძაღლი მაშველებს ტერიტორიის რუსული „საჩუქრებისგან“ წმენდაში (ვიდეო)
05/04/2022 08:19:41 საზოგადოება
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აიძულებენ ოკუპანტებს, დატოვონ რიგი ქალაქები, ეს ტერიტორიები ჯერ კიდევ არაა უსაფრთხო. საქმე იმაშია, რომ ოკუპანტებისგან გაწმენდილ ქუჩებსა თუ შენობებში მრავლადაა დატოვებული ნაღმები. წარმოსადგენად რთულია, თუმცა არსებობს ცნობები ქუჩებში დატოვებული ცხედრების დანაღმვის შესახებაც. ასეთ ვითარებაში მტრის უკან დახევის შემდეგ რთული სამუშაოს გაწევა სწორედ გამნაღმველებსა და პიროტექნიკოსებს უწევთ. 2 წლის ცნობილი ძაღლი, სახელად მფარველი ომის დაწყების დღიდანაა ჩართული პროცესში და აქტიურად ცდილობს საკუთარი წვლილის შეტანას მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. მის შესახებ ცნობილი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წყალობით15 მარტს გახდა.
"გაიცანით, მფარველი – ჩერნიგოვის პიროტექნიკოსების სული და თილისმა. მათ ყოველთვის და ყველგან ახლავს თან. სხვათა შორის, ყველი უყვარს ძალიან და ჩვენი ბიჭები შეძლებისდაგვარად ანებივრებენ გემრიელობებით“ - წერდა მაშინ საგანგებო სიტუაციების სამსახური.
როგორც ცნობილია, ძაღლმა გამნაღმველებთან ერთად 100–ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალა.
„მფარველი აგრძელებს ჩერნიგოვის ოლქის პიროტექნიკოსების დახმარებას რუსული „საჩუქრებისგან“ მიწის გასუფთავებაში. პატარა ძაღლი გვახსენებს ფეთქებადი საგნებისგან მომდინარე დიდ საფრთხეს და ყოველ ჯერზე იწყენს, როდესაც ვინმე წესებს არ იცავს. ამიტომ, იყავით შეგნებულნი, ყოველთვის დაიხედეთ ფეხქვეშ და ნუ გაანაწყენებთ მფარველს“, - ამგვარად აფრთხილებენ მოქალაქეებს მაშველები.