
ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვაში მათ შორის „კადიროველების“ როლზე მიუთითებენ
05/04/2022 07:15:56 ევროპა, მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა გამოაქვეყნა რუსეთის არმიის იმ ქვედანაყოფთა ნომრები, რომლებიც ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში იმყოფებოდნენ და შესაძლოა, თანამონაწილენი იყვნენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულში.
არესტოვიჩის მიერ გამოქვეყნებულ სიაში ნახსენებია ახმატ-ჰაჯი კადიროვის სახელობის 141-ე სპეციალიზებული მოტორიზებული პოლკიც. ჯამში 13 რუსული ქვედანაყოფი დასახელდა.
უშუალოდ „ჩრდილოეთის“ სახელით ცნობილი 141-ე პოლკის უკრაინის ტერიტორიაზე არსებობა არაერთგზის დაადასტურა ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა. „კადიროველების“ სისასტიკეზე ყვებოდნენ ევაკუირებული მოქალაქეებიც.
მიუხედავად ფოტო და ვიდეომტკიცებულებისა, რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, შეფასება მისცეს რუსეთის ქმედებებს.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ბუჩაში მომხდარი მოვლენების დამოუკიდებელ გამოძიებას ემხრობა.საგამოძიებო ჯგუფის შექმნისთვის მზაობა გამოთქვა ევროკავშირმაც.
კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში, საიდანაც რუსებმა უკან დაიხიეს, აღმოაჩინეს ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ქუჩებში, კორპუსებში, სარდაფებში. წინასწარი მონაცემებით, ფიქსირდება დატყვევებული ადამიანების მასობრივი ხოცვის, ქალების გაუპატიურების ფაქტები. მოკლულთაგან ზოგს ხელები ჰქონდა შეკრული.
ბუჩაში ნანახის შემდეგ მსოფლიო ლიდერები რუსეთისადმი დამატებითი სანქციების შემოღების აუცილებლობას ხედავენ.