NYT: "სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ ბუჩაში ცხედრები კვირების განმავლობაში იყო"
05/04/2022 03:30:42 მსოფლიო
The New York Times-მა სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოების ანალიზი გამოაქვეყნა, რომლითაც, გამოცემის ცნობით, დასტურდება, რომ რუსეთმა ბუჩაში განვითარებულ მოვლენებზე იცრუა, როცა მომხდარზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბუჩაში ადამიანების ცხედრები, მას შემდეგ წაიღეს, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს.
რუსული მხარე ამტკიცებს, რომ "ეს იყო დადგმული უკრაინელი რადიკალების მიერ" და გაერო–ს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა.
თუმცა სატელიტური ფოტოების გაანალიზების შემდეგ, The New York Times დაადგინა, რომ "ადამიანების უმეტესობა ბუჩაში 3 კვირაზე მეტი ხნის წინ იყო მოკლული", იმ პერიოდში ქალაქს რუსეთი აკონტროლებდა.
4 აპრილს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ შექმნა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი უკრაინასთან, რათა გამოიძიოს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები.
ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ზელენსკიმ რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეო მასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".


