Accentnews.ge
ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში: "საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან ძირითადი დემოკრატიული პრინციპების შესრულების თვალსაზრისით“

ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში: "საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან ძირითადი დემოკრატიული პრინციპების შესრულების თვალსაზრისით“

04/04/2022 19:00:53 მსოფლიო

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, „საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და იმ მთავარი პოლიტიკური ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, რომლებიც ქვეყანამ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იკისრა".

დოკუმენტის თანახმად, "მმართველი ძალა სულ უფრო მეტად იგდებს ძალაუფლებას ხელში და ამასთან, ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის“.

გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ "მნიშვნელოვნად გაუარესდა კანონის უზენაესობა, რასაც მოწმობს ოპოზიციის ლიდერების დაკავება, 2019 წლის ივნისი/2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების ეფექტური გამოძიების არარსებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება".

რაც შეეხება მართლმსაჯულების სისტემას, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემაში 2020 წლიდან განვითარებულმა მოვლენებმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში „სერიოზული უკუსვლები“ აჩვენა, კერძოდ, „მოსამართლეთა ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე დანიშვნები, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის შეუსრულებლობა, ცვლილებები კანონში საერთო სასამართლოების შესახებ“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვნად გაუარესებულია ქართული მედიის მდგომარეობა:

„სამუშაო გარემო, რომელშიც ჟურნალისტები მუშაობენ საქართველოში კიდევ უფრო რთული გახდა მედიის მუშაობაში პოლიტიკური ჩარევის, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების გამო“.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია, მასზე გავლენას ახდენს მზარდი პოლიტიკური ანტაგონიზმი.

კორუფციასთან დაკავშირებით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "საქართველო რეგიონალურ ლიდერად რჩება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა ანტიკორუფციული რეფორმები ბოლო წლებში შენელდა, ხოლო მაღალი დონის კორუფციის ეფექტიანი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა მთავარ გამოწვევას წარმოადგენს".

დოკუმენტის თანახმად, საქართველო კვლავაც დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში, განსაკუთრებით ენერგოეფექტიანობის კუთხით არსებული ვალდებულებების შესრულების კუთხით.

ანგარიშის მიხედვით, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩემა სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაცია და დანაშაული მათ წინააღმდეგ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო კვლავაც დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში, განსაკუთრებით ენერგოეფექტიანობის კუთხით არსებული ვალდებულებების შესრულების კუთხით.

ამასთან, ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით გადადგმულ დადებით ნაბიჯებზეც არის საუბარი."საქართველო მუდმივად ასრულებს ევროკავშირის ძირითად მოთხოვნებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით და ეფექტიანად თანამშრომლობს ევროკავშირის სტრუქტურებთან და წევრ სახელმწიფოებთან კრიმინალთან ბრძოლის საქმეში.

მართალია, საქართველოს ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა კოვიდ–პანდემიის გამო, ქვეყანა კარგ შედეგებს აღწევს საკუთარი სამართლებრივი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელების თვალსაზრისით", – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, "2020-2021 წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ზომები მიიღო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და სამსახურში გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად",

გარდა ამისა, ანგარიშში ასევე დადებითად არის შეფასებული ბავშვთა უფლებების ახალი კოდექსი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევა

დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ "საქართველომ უარი თქვა 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა“.

მოხსენების ციტირებული ნაწილი, რომელიც 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს, მომზადდა როგორც საგარეო დოკუმენტი ევროპარლამენტისთვის სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და ევროპის კოლეჯის მოწვეული პროფესორის ლორ დელკურის მიერ. ანგარიშის ავტორები ასევე არიან ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის თანამშრომლები – ჰანა აჰამად მადატალი და ტალანდერ იანსენი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S