
მოქალაქეებმა ბუჩასა და სხვა ქალაქებში მოკლულების ხსოვნას პატივი მიაგეს
04/04/2022 17:02:30 საზოგადოება
მოქალაქეებმა ბუჩასა და სხვა ქალაქებში მოკლული უკრაინელების ხსოვნას პატივი მიაგეს.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
"ის, რაც მოხდა ბუჩაში, არის არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს ტრაგედია. ის, რომ რუსული იმპერია თავის დროზე არ იქნა შეჩერებული და თავის დროზე არ გაეცა სათანადო პასუხი საქართველოში აგრესიის შემდგომ, გაპირობებულია ამის და სამწუხაროა, რომ დრეს, როცა საქართველოს მოქალაქეები გლოვას ვაცხადებთ, ვართ მარტო. სახელმწიფო უნდა აცხადებდეს გლოვას, ბევრ ქვეყანაში, რომელიც თავს თვლის უკრაინის მეგობრად, ოფიციალურადაა გამოცხადებული გლოვის დღე, განსხვავებით საქართველოსგან", - ამბობს სამოქალაქო ირაკლი ფავლენიშვილი.
დღეს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ შექმნა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი უკრაინასთან, რათა გამოიძიოს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები.
ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ზელენსკიმ რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეო მასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".