"პუტინი ომის დანაშაულისთვის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს"
04/04/2022 16:15:15 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ უწოდა ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე და განაცხადა, რომ ბუჩაში მკვლელობების გამო, რუსეთის პრეზიდენტი ომის დანაშაულისთვის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.
„ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში. ჩემი აზრით, ეს ომის დანაშაულია. ეს ადამიანი არის სასტიკი და რაც მოხდა ბუჩაში, აღმაშფოთებელია. უნდა შეგროვდეს მტკიცებულებები და გაიმართოს ომის დანაშაულის სასამართლო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის შეირაღების მიწოდება, მათ სჭირდებათ ბრძოლის გაგრძელება. მე გავაგრძელებ სანქციების დაწესებას. დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ“, – განაცხადა ბაიდენმა.
დღეს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ შექმნა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი უკრაინასთან, რათა გამოიძიოს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები.
ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ზელენსკიმ რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეო მასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".


