პოდოლიაკი – მერკელზე: "კვლავ სახიფათო ბოდვაშია"
04/04/2022 14:55:31 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ქალბატონი მერკელის რეაქცია ბუჩაში რუსეთის სისასტიკის ნახვის შეთავაზებაზე, მიუთითებს, რომ დასავლური ელიტა კვლავ სახიფათო ბოდვაშია".
"შესაძლო გამოსავალი, ევროპელ პოლიტიკოსებთან ბუჩას ხოცვა-ჭლეტის შესახებ ფოტო-დოკუმენტებისა და ექსპერტების დასკვნების გაგზავნაა", - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.
ანგელა მერკელი დღესაც თვლის, რომ სწორად მოიქცა როდესაც 2008 წელს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა.
"გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი დღესაც მხარს უჭერს საკუთარ გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წელს ბუქარესტში გამართულ ნატო–ს სამიტზე მიიღო. რაც შეეხება ბუჩასა და უკრაინის სხვა დასახლებებში თვალსაჩინო სისასტიკეს, ყოფილი კანცლერი სრულად უჭერს მხარს გერმანიის მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ყველა მცდელობას, დადგნენ უკრაინის გვერდით და ბოლო მოუღონ რუსეთის ბარბაროსობასა და ომს უკრაინის წინააღმდეგ", – აცხადებს მერკელის პრეს–სპიკერი.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ექს–პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია, რომ „ნახონ, რა მოჰყვა 14 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკას“.


