
მერკელმა ზელენსკის კრიტიკასა და ბუჩაში მიწვევას უპასუხა
04/04/2022 10:51:50 ევროპა
გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ სწორი იყო მისი გადაწყვეტილება 2008 წელს, არ მიეღო მათ შორის უკრაინა NATO–ში,– ამის შესახებ მერკელის პრესმდივანმა DPA–ს განუცხადა.
"გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი დღესაც მხარს უჭერს საკუთარ გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წელს ბუქარესტში გამართულ ნატო–ს სამიტზე მიიღო. რაც შეეხება ბუჩასა და უკრაინის სხვა დასახლებებში თვალსაჩინო სისასტიკეს, ყოფილი კანცლერი სრულად უჭერს მხარს გერმანიის მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ყველა მცდელობას, დადგნენ უკრაინის გვერდით და ბოლო მოუღონ რუსეთის ბარბაროსობასა და ომს უკრაინის წინააღმდეგ", – აცხადებს მერკელის პრეს–სპიკერი.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ექს–პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია, რომ „ნახონ, რა მოჰყვა 14 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკას“.
ზელენსკის თქმით, უკრაინას კონცენტრირებული ბოროტება ეწვია: მკვლელები, ჯალათები, მოძალადეები, მოროდიორები.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი ახლა აღიქმება მისი სამხედროების მიერ ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის პრიზმაში.
„მეტი დასკვნებია საჭირო, არა მარტო რუსეთზე, ასევე იმ პოლიტიკურ ქცევაზე, რამაც რეალურად დაუშვა ეს ბოროტება ჩვენს მიწაზე. დღეს ბუქარესტში ნატო-ს სამიტის მეთოთხმეტე წელია. მაშინ გაჩნდა შანსი, რომ უკრაინა გამოსულიყო „ნაცრისფერი ზონიდან“ აღმოსავლეთ ევროპაში, „ნაცრისფერი ზონიდან“ ნატო-რუსეთს შორის, „ნაცრისფერი ზონიდან“, რომელშიც მოსკოვს ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს, ყველაზე საშინელი ომის დანაშაულისაც კი. ოპტიმისტური დიპლომატიური ფორმულირებების მიღმა, თითქოს უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაშინ, 2008 წელს, უკრაინის ალიანსში მიღებაზე უარი იმალებოდა. იმალებოდა ზოგიერთი პოლიტიკოსის უაზრო შიში რუსეთის მიმართ. ისინი ფიქრობდნენ, რომ უკრაინაზე უარის თქმით შეძლებდნენ რუსეთის დამშვიდებას, დარწმუნებას, რომ პატივი სცეს უკრაინას და ნორმალურად იცხოვროს ჩვენს გვერდით. ამ მცდარი გამოთვლებიდან 14 წლის შემდეგ უკრაინა გადაურჩა რევოლუციას და დონბასში რვაწლიან ომს. ახლა კი ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე საშინელ ომში“, – განაცხადა ზელენსკიმ.