მორავიეცკი - მაკრონს: "რამდენჯერ გქონდათ დიალოგი პუტინთან და რას მიაღწიეთ? დამნაშავეებს უნდა ებრძოლო, ჰიტლერთან მოლაპარაკება არავის დაუწყია"
04/04/2022 09:40:39 მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გააკრიტიკა.
მისი თქმით, კრიმინალებთან მოლაპარაკებები არავინ უნდა აწარმოოს.
"რამდენჯერ გქონდათ მოლაპარაკება პუტინთან და რას მიაღწიეთ? ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კრიმინალებთან. დამნაშავეებს უნდა ებრძოლო. ჰიტლერთან მოლაპარაკება არავის დაუწყია. მოლაპარაკებას გამართავდი ჰიტლერთან, სტალინთან ან პოლ პოტთან?", – მიმართა მორავიეცკიმ მაკრონს.
იგი გამოეხმაურა რუსეთის სამხედროების გასვლის შემდეგ კიევის ოლქის ქალაქებში, მათ შორის ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის ამსახველ კადრებს და განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს:
"რუსების მიერ, რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ სისხლიან ხოცვა-ჟლეტას სახელი უნდა დაერქვას. ეს არის გენოციდი და ეს გამოძიებული უნდა იყოს. ჩვენ ვთავაზობთ საერთაშორისო კომისიას, გამოიძიოს ეს გენოციდი. ასეთი კომისიის შექმნა აუცილებელია, თუ ჩვენ გვსურს, გავარკვიოთ სიმართლე რუსული ფაშისტური დანაშაულების მასშტაბის შესახებ“.


