
გერმანია 100-მდე რუსი დიპლომატის გასაძევებლად ემზადება - Bild
04/04/2022 09:13:30 ევროპა
გერმანიის კანცლერის ოფისი ემზადება გადაწყვეტილების მისაღებად, ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს ასამდე თანამშრომლის გაძევების თაობაზე, რომლებიც ჯაშუშებად ითვლებიან,– იუწყება გერმანული გამოცემა Bild.
გამოცემის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს იმ პირთა შემოწმება, რომელთა დეპორტაციაც იგეგმება.
მანამდე გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია გერმანიაში სულ მცირე 2 000 რუსი ჯაშუშის მუშაობის თაობაზე.
"ჩვენ ვხედავთ რუსული დაზვერვის აგრესიული აქტივობის მასშტაბებს მთელ ევროპაში. ჩვენ, ალბათ, მხოლოდ 10% ვიცით იმისა, რასაც ისინი აკეთებენ", - გამოვიდა გაფრთხილებით ჯონ სეივერსი, ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი.
რუსი აგენტები ევროპაში აგროვებენ ინფორმაციას პოლიტიკოსების, კომპანიების ხელმძღვანელების, რუსეთის კრიტიკოსების შესახებ და გადასცემენ კრემლს.
შეგახსენებთ, რომ 29 მარტს ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ირლანდიამ და ჩეხეთმა გამოაცხადეს რუსეთის საელჩოების თანამშრომლების გაძევების შესახებ.
მათი თქმით, რუსები დიპლომატიურ საფარს იყენებდნენ ჯაშუშობისთვის.