„რუსეთმა სამი მიზანი დაისახა და ყველა მიმართულებით ჩავარდნა აქვს“– ბლინკენი
04/04/2022 08:45:43 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ხედვით, რუსეთმა ვერ მიაღწია ვერც–ერთ მიზანს, რომლითაც უკრაინაში შეჭრისას ხელმძღვანელობდა.
„რუსეთის ხელმძღვანელობდა სამი მიზნით: დაემორჩილებინა უკრაინა და ჩამოერთვა მისთვის სუვერენიტეტი; განემტკიცა რუსეთის ხელისუფლების ძალაუფლება; დაეყო დასავლეთი, დაეყო მოკავშირეები. სამივე მიმართულებით ჩავარდნაა.
უკრაინა ახლა უფრო ერთიანია. სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა ბევრად დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმირ პუტინი – სცენაზე. რეალურად, რუსული ძალა მნიშვნელოვნად შემცირდა – არმია ჩამორჩება, პრობლემები აქვს ეკონომიკას. რა თქმა უნდა, ნატო და დასავლეთი ერთიანნი არიან, ვიდრე ოდესმე ბოლო დროს. ამდენად, მხოლოდ ამის საფუძველზეც ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის წარუმატებლობას“,– განაცხადა ბლინკენმა NBC–სთან ინტერვიუში.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინას და ახორციელებს ზეწოლას რუსეთზე - და ეს ყველაფერი ეხმარება უკრაინის პოზიციების გაძლიერებას რუსეთთან ნებისმიერ მოლაპარაკებაში.
რამდენად რეალურია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი შეხვედრა, ბლინკენის თქმით, „ძალიან ძნელი სათქმელია“, რადგან უკრაინელები დიდი ხანია, ცდილობდნენ უშუალო კონტაქტს პრეზიდენტებს შორის, რაც კრემლმა არაერთგზის უგულებელყო.
რაც შეეხება სანქციებს, ბლინკენმა მათი მოხსნის პირობებზე ისაუბრა:
„მთელი საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც შეიკრიბა რუსეთის წინააღმდეგ ამ სანქციების დასაწესებლად, დააკვირდება, თუ რას გააკეთებს უკრაინა და რა სურს, გააკეთოს. და თუ ის გადაწყვეტს, რომ მას შეუძლია ამ ომის დასრულება, სიკვდილის და ნგრევის შეჩერება და საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა, და ეს ჯამში მოითხოვს სანქციების მოხსნას, რა თქმა უნდა, ამას განვიხილავთ.
სანქციების მიზანი რუსეთის ქცევის შეცვლაა. და თუ ჯამში მოლაპარაკებების, სანქციების, ზეწოლის, უკრაინის მხარდაჭერის შედეგად მივაღწევთ ზუსტად ამას, მაშინ რაღაც მომენტში სანქციები გაქრება. მაგრამ ეს მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული და იმაზე, რას გააკეთებს ის მომავალში“.


