რუსეთში ავტომანქანების ფასები 40%-ით გაიზარდა
04/04/2022 07:58:50 მსოფლიო
რუსეთში რუბლის დევალაციისა და მიწოდების მხრივ შექმნილი პრობლემების ფონზე ახალი ავტომანქანების ფასი მარტში საშუალოდ 40%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „კომერსანტი“ იუწყება.
ფასის ყველაზე დიდი ზრდა - 60% - ეხება პრემიუმ მანქანებს, რომელთა მიწოდება რუსეთის ფედერაციაში შეზღუდულია არა მხოლოდ ლოჯისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების, არამედ შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და იაპონიის სანქციების გამო.
„AUTOSTAT“-ის ცნობით, რუსეთის ბაზარზე ოფიციალურად წარმოდგენილმა 26 საავტომობილო კონცერნმა თავიანთი მანქანები 35-45%-ით გააძვირეს.
ყველაზე აქტიურად, საშუალოდ 50-60%-ით, ზედა სეგმენტის მანქანები გაძვირდა. ამავდროულად, პრემიუმ მანქანების ხელმისაწვდომობა გაცილებით დაბალია სანქციების გამო და როგორც ბაზრის წარმომადგენლები ამბობენ, დეფიციტი ყოველდღიურად იზრდება.
"საშუალო ფასების სეგმენტის მანქანების მარაგი უფრო დიდია, მაგრამ შეჩერებულია არა მხოლოდ მიწოდება, არამედ ადგილობრივი წარმოებაც. მანქანების დეფიციტი იზრდება", - დასძენენ დილერები.


