
საქართველოს რკინიგზამ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 500 000 ევროს გრანტი მიიღო
04/04/2022 06:51:00 საზოგადოება, რეკლამა
საქართველოს რკინიგზამ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან (AFD) 500 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტექნიკური დახმარების მიზანი სარკინიგზო ტრანსპორტის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მისი ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის მხარდაჭერაა.
„საქართველოში ინვესტირებისა და სატვირთო გადაზიდვების ბაზრის გაფართოების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება: ეროვნული სარკინიგზო პოლიტიკის დოკუმენტი, რეგიონულ კონტექსტში – სატვირთო გადაზიდვების ბაზრის კვლევა და მისი განვითარების სტრატეგია. ასევე მომზადდება საინვესტიციო გეგმა (მათ შორის – მოძრავი შემადგენლობისთვის). დასახული მიზნების სწორად განხორციელებისთვის, AFD-ის რეკომენდაციით, საქართველოში ფრანგი ექსპერტი ჩამოვა, რომელიც საქართველოს რკინიგზისა და სხვა ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებს კონსულტაციებს გაუწევს. მისია, რომელიც ივნისამდე დაიწყება დაახლოებით 12/18 თვე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ AFD საფრანგეთის საჯარო ფინანსურ ინსტიტუტია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს და ისეთ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობს როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი (ADB)“,- აღნიშნულია რკინიგზის პრესსამსახურის ინფორმაციაში.