უკრაინის მიერ დაბრუნებულ დასახლებებში გამნაღმველები მუშაობენ
03/04/2022 07:10:35 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე განა მალიარი აცხადებს, რომ ქვეყანამ კონტროლი კიევის მთელ რეგიონზე დაიბრუნა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქის მახლობლად მდებარე რამდენიმე საკვანძო ქალაქიდან უკან დაიხიეს.
"ირპენი, ბუჩა, გოსტომელი და კიევის მთელი რეგიონი გათავისუფლდა დამპყრობლისგან", – წერს მალიარი სოციალურ ქსელში.
სამივე ქალაქი კიევის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს და ძლიერ განადგურდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ირპენსა და ბუჩაში დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. გუშინ სააგენტო "ფრანს–პრესმა" განაცხადა, რომ მისმა ჟურნალისტმა ბუჩაში, ერთ–ერთ ქუჩაზე, სულ მცირე, 20 ცხედარი ნახა, მათ შორის ერთი - ხელებშეკრული.
ქალაქის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ 280 ადამიანი დაკრძალეს მასობრივ სასაფლაოზე ბუჩაში და რომ ქალაქი სავსეა ცხედრებით.
რაც შეეხება ირპენს, ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, სულ მცირე, 200 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ირპენში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
დაბრუნებულ ქალაქებში გამნაღმველები მუშაობენ.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული ძალები ამჟამად ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში გროვდებიან.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს წინ მძიმე ბრძოლები ელის:
"ილუზია ნუ გვექნება, წინ მძიმე ბრძოლები გველის, ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, მათ შორის მარიუპოლში".
ცნობისთვის : რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.


