Accentnews.ge
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებ-გვერდიდან ინფორმაცია წაშალეს"

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებ-გვერდიდან ინფორმაცია წაშალეს"

02/04/2022 14:39:16 საზოგადოება

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია წერს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ინსპექტორის ვებ–გვერდიდან, რომელიც მხოლოდ საგამოძებო მიმართულებისთვის იყო შექმნილი, ყველა ინფორმაცია წაშალა.

მისი თმქმით, ვებ–საიტზე აღარ არის განთავსებული სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, ინფორმაცია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, სტატისტიკური მონაცემები, კვლევები და შეხვედრები, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან.

"გეგონება ვებგვერდს მტრის ურდომ გადაუარა", - წერს ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში და ამბობს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს საერთასორისო ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებითაც ეს ვებგვერდი შეიქმნა და რომელთა მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შესახებაც იყო განთავსებული ინფორმაცია.

"ამ დროს, საქართველოს პარლამენტი დღემდე გვიმტკიცებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ გაუუქმებია, იგი მხოლოდ გარდაქმნა. მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა ახალმა ხელმძღვანელმა წაშალა წინა ხელმძღვანელის დროს სამსახურის საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია. ჩემს მიმართ უპატივცემულობას შევეჩვიე, მაგრამ ეს არის უპატივცემულობა იმ სამსახურის მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის პარლამენტის მიერ იყო შექმნილი, სამსახურის იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა საქმიანობაც იყო ასახული ამ ვებგვერდზე და იმ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც მთელი ეს პერიოდი სამსახურს განვითარებაში ეხმარებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ამ ქვეყანაში საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს შექმნა და არა 2022 წელს (როგორც ესა წარმოჩენილია ამ ვებგვერდზე).

ამ ინფორმაციის წაშლით, ამ ქვეყნის ისტორიაში სამსახურის გაუქმების ეს სამარცხვინო ფაქტი მაინც არ წაიშლება, მაგრამ თქვენ შეგეძლოთ მეტად ღირსეულად დაგეწყოთ ამ უწყების გადაბარებაც და მართვაც. გულწრფელად ვწუხვარ იმ კომპლექსების გამო, რომელსაც შეუპყრიხართ", - წერს ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი.

კანონი, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად ორი ახალი სტრუქტურა შეიქმნა, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. კანონპროექტის ინიცირებისას სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მისთვის მედიიდან გახდა ცნობილი.

ნაჩქარევად მიღებული კანონით, 1 მარტს თანამდებობები დატოვეს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და მისმა მოადგილეებმა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს.

15 თებერვალს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად შექმნილი ერთ-ერთი ორგანოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა კოკა კაციტაძე აირჩია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად - ლელა ჯანაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S