UNESCO: "უკრაინაში, სულ მცირე, 53 კულტურული ობიექტი დაზიანდა"
02/04/2022 07:53:35 მსოფლიო
UNESCO-ს ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სულ მცირე, 53 ისტორიული ძეგლი, რელიგიური შენობა და მუზეუმი დაზიანდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მონაცემები საბოლოო არაა.
UNESCO-ში აცხადებენ, რომ სატელიტური ფოტოები და თვითმხილველების მიერ მოყოლილი ამბები გამოიყენეს, რათა უკრაინული მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გადაემოწმებინათ.
დაზიანებული ობიექტებიდან ათზე მეტი ხარკოვში მდებარეობს, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან რუსების დაბომბვის ქვეშაა. ხუთი მდებარეობს კიევში, კიდევ ხუთი - ჩერნიგოვში.
UNESCO-ს განცხადებით, ჯამში 29 რელიგიური ობიექტი და 16 ისტორიული შენობა, ოთხი მუზეუმი და ოთხი ძეგლი დაზიანდა. სია არ მოიცავს მარიუპოლისა და ხერსონის მონაცემებს.
ამასთან, დაზიანებული ობიექტებიდან არც ერთი არ შედის UNESCO-ს მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.


