
პრემიერი - ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის, არჩილ ტატუნაშვილის ნათელ ხსოვნას
02/04/2022 06:30:46 საზოგადოება
არჩილმა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება მისი გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ გამოქვეყნდა.
დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს იყენებს, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუღძვის მის სიკვდილში.
„ჩვენ ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუღძვის მის სიკვდილში. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის ნათელ ხსოვნას,”- აღნიშნულია განცხადებაში.
2018 წლის 22 თებერვალს 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებული ახალგორიდან გაიტაცეს და წამებით მოკლეს.
ცხედრის ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენება მხოლოდ 26 დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივით დაიკრძალა. სიკვდილის შემდეგ, 2018 წლის 21 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ის განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
შეიქმნა "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია".