
ჩერნობილში დასხივებისგან პირველი რუსი სამხედროს გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა - უკრაინული მედია
01/04/2022 15:40:32 ევროპა, მსოფლიო
ჩერნობილში დასხივებისგან პირველი რუსი სამხედროს გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, - იუწყება უკრაინული მედია.
მისივე ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია კიდევ სულ მცირე, 26 ოკუპანტი. სულ კი ჰოსპიტაიზებულია 73.
კომპანიის თქმით, რუსი სამხედროები ემზადებოდნენ სლავუტიჩის, ახლომდებარე ქალაქის, დასატოვებლადაც, სადაც ჩერნობილის მუშები ცხოვრობენ.
რუსულმა ჯარებმა ჩერნობილზე კონტროლი 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მალევე მოიპოვეს, თუმცა ატომური ელექტროსადგურის უკრაინული პერსონალი იქ კვლავ განაგრძობდა ოპერაციების ზედამხედველობას. მიუხედავად იმისა, რომ ელექტროსადგური გაუქმებულია, მას მაინც სჭირდება ელექტროენერგია ნახმარი ბირთვული საწვავის შესანახი საცავების გაგრილებისა და სხვა სისტემებისთვის.
ამ კვირის დასაწყისში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა მოითხოვა, რომ რუსეთის ჯარებს, რომელთაც ატომური ელექტროსადგური ჰქონდათ დაკავებული, დაეტოვებინათ არეალი მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გააფრთხილეს ადგილზე საბრძოლო მასალის აფეთქების საშიშროების შესახებ. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი 29 მარტს უკრაინაში ჩავიდა მთავრობის წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად "გადაუდებელი ტექნიკური დახმარების" აღმოჩენის შესახებ, ქვეყნის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით.
31 მარტს უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა კომპანიამ "ენერგოატომმა" განაცხადა, რომ რუსული ჯარების უმეტესობამ გაუქმებული ელექტროსადგური დატოვა და რომ ისინი უკრაინა-ბელარუსის საზღვრისკენ გაემართნენ.
განცხადების თანახმად, ჩერნობილში დარჩა რუსეთის ჯარების მცირე ნაწილი, მაგრამ არ არის დაზუსტებული - რამდენი.