პუტინის პირად ექიმებს შორის ქირურგი-ონკოლოგიცაა, - "Проект"
01/04/2022 12:46:03 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სხვებთან ერთად, მუდმივად მეთვალყურეობს ექიმი, რომელიც ონკოდაავადებების ქირურგიულ მკურნალობაზე სპეციალიზდება, - იუწყება გამოცემა "Проект" და პუტინის პირად მედიკოსთა ჯგუფის შემადგენლობას აქვეყნებს.
სიის ფიგურანტებს შორისაა მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომელი ევგენი სელივანოვი, რომლის დისერტაციის თემაა "ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი დაავადებულ ხანდაზმულთა დიაგნოსტირებისა და ქირურგიული მკურნალობის თავისებურებანი".
ჟურნალისტური გამოძიების მასალების თანახმად, მარტო წელს სელივანოვმა რუსეთის პრეზიდენტს სოჭში 35-ჯერ ჩააკითხა.
გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, სულ მცირე, ორჯერ პუტინს ჩაუტარდა ან ქირურგიული ოპერაცია, ან სხვა სახის სერიოზული სამედიცინო ჩარევა ზურგის არეში. და ეს რუსეთის პრეზიდენტის საჯარო სივრციდან გაუჩინარების პერიოდებს ემთხვეოდა.
ჟურნალისტური გამოძიების მასალების მიხედვით, ბოლო წლებში პუტინს გადაადგილებისას ყველაზე ხშირად სამი პირადი ექიმი ახლავს: ოტოლარინგოლოგები ალექსეი შჩეგლოვი და იგორ ესაკოვი და ზემოთ ხსენებული ქირურგი-ონკოლოგი. ბოლო 4 წლის განმავლობაში ისინი მარტო სოჭში პრეზიდენტს 59-ჯერ ახლდნენ და მის გვერდში 282 დღე გაატარეს, მათგან 166 - სელივანოვმა.
პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, რომელსაც რუსულმა გამოცემებმა კომენტარისთვის მიმართეს, ეს ყველაფერი უარყო.


