რუსმა ოკუპანტებმა თითქმის მთლიანად დატოვეს ბროვარის რაიონი – ქალაქის მერი
01/04/2022 08:28:50 მსოფლიო
ბროვარის მერის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა თითქმის მთლიანად დატოვეს კიევის ოლქის ბროვარის რაიონი. იგორ საპოჟკოს განცხადებით, უახლოეს მომავალში დაიწყება დასუფთავება და განაღმვითი სამუშაოები.
მერის ინფორმაციით, ბროვარში ბევრი ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ საცხოვრებელ სახლებს და ეტაპობრივად აღდგება საჭირო სამოქალაქო ობიექტების მუშაობაც.
თუმცა, მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბროვარში საგუშაგოების მოხსნა არ იგეგმება და ახალი საფრთხის შემთხვევაში, ქალაქი მზად იქნება თავდაცვისთვის.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს.
25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ. დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს. რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.


