"სასურსათო პროდუქტს მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მივაწვდით"
01/04/2022 07:46:26 მსოფლიო
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვი სასურსათო და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს "მეგობარ ქვეყნებს" მიაწვდის.
"სასურსათო და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მივაწვდით მხოლოდ ჩვენს მეგობრებს (საბედნიეროდ, ბევრი გვყავს და ისინი საერთოდ არ არიან ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში). გავყიდით რუბლებშიც, მათ ეროვნულ ვალუტაშიც შეთანხმებულ პროპორციებში. არ მივაწვდით ჩვენს პროდუქციას ჩვენს არამეგობრებს. მათგანაც არაფერს ვიყიდით", - დაწერა მედვედევმა "ტელეგრამში" პირად გვერდზე.
უკრაინაში შეჭრის გამო აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და რიგმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები გაატარეს. რუსეთმა აღნიშნული ქვეყნები "არამეგობრული სახელმწიფოების" სიაში შეიყვანა.


