Accentnews.ge
"საქართველო საერთაშორისო სანქციებს იცავს, ამ ეტაპზე საწინააღმდეგოს ნიშნები არ შეიმჩნევა"

"საქართველო საერთაშორისო სანქციებს იცავს, ამ ეტაპზე საწინააღმდეგოს ნიშნები არ შეიმჩნევა"

01/04/2022 07:31:57 პოლიტიკა

"ევროპელი მწვანეებისა და ევროპელთა თავისუფალი ალიანსის" (Greens/EFA) წევრი, მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით მომუშავე ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა რუსეთის მიერ დასავლური სანქციებისთვის თავის ასარიდებლად საქართველოს შესაძლო გამოყენებაზე რიგი დიპლომატების განცხადებებს ეხმიანება.

როგორც "აქცენტს" ევროპარლამენტარმა განუცხადა "საქართველო რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს იცავს და ამ ეტაპზე ამ მიდგომის საწინააღმდეგო ნიშნები არ შეიმჩნევა".

"ამჟამად ძალიან ძლიერი მონიტორინგია სანქციებთან დაკავშირებულ ქმედებებზე, ამიტომ არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლობას უნდა ველოდოთ. რაც შეეხება შედეგებს, იმ შემთხვევაში, თუ სანქციების გვერდის ავლა მოხდება, შედეგები იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სასანქციო რეჟიმს. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესება თითოეული ქვეყნის არჩევანია და ამას არავინ არავის აიძულებს" - განუცხადა "აქცენტს" ევროპარლამენტარმა.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნამა შემდეგი განაცხადა: "არ გვინდა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს "უკანა კარად" კომპანიებისა და პირების მიერ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით".

მოგვიანებით, პარლამენტში დეპუტატებისადმი მიმართვისას საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა იმედი გამოთქვა, რომ "უკრაინაში დაწყებული ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დროს საქართველოში არ იქნება "შავი ხვრელი" ბიზნესისთვის, ტაჯიკეთის მსგავსად".

უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს. საქართველო დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო უკრაინაში დიპლომატიურ დაწესებულებებს (საელჩო კიევში და საკონსულო ოდესაში) არ კეტავს. ამასთან, საქართველომ ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას მხარი დაუჭირა; მიუერთდა ასევე ევროკავშირის დეკლარაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის თაობაზე; თანასპონსორობა გაუწია გაერო–ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ; ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაზე შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი და მტკიცე პასუხის აუცილებლობას; მიუერთდა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ერთობლივ განცხადებას და კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ; გაერო-ს გენერალური ასამბლეის მეთერთმეტე საგანგებო სესიაზე საქართველოს წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. ამასთან, თბილისი უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ მკაფიო პოზიციას იკავებს, მათ შორის - გაერო–ში. გუშინ საქართველოდან უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. გრდა ამისა, საქართველო შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას უწევს ქვეყანაში მყოფ უკრაინელ ვიზიტორებსა და ლტოლვილებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S