ლატვიაში რუსეთის არმიის მხარდამჭერი სიმბოლოების გამოყენება აიკრძალა
01/04/2022 07:06:43 მსოფლიო
ლატვიაში რუსეთის არმიის მხარდამჭერი სიმბოლიკის საჯარო გამოყენება აიკრძალა. პარლამენტმა შესაბამის ინიციატივას მხარი დაუჭირა.
ლატვიის პარლამენტმა დაადგინა, რომ ომის მხარდასაჭერად სიმბოლოს საჯაროდ გამოყენებისთვის ფიზიკური პირი 350 ევროთი დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 2900 ევროთი.
აკრძალვა ეხება "V" სიმბოლოსაც, რომელიც თავდაპირველად რუსულ სამხედრო ტექნიკაზე შეამჩნიეს.
"რუსეთის სამხედრო ქმედებების დაგმობისას, ჩვენ მყარად უნდა ვიდგეთ იმაზე, რომ სიმბოლოების, რომელიც ადიდებს რუსულ აგრესიას, როგორიცაა "Z", "V" ან სხვა, მათი ადგილი საჯარო სივრცეში არაა", - განაცხადა ლატვიის პარლამენტის დეპუტატმა არტუს კაიმინსმა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოჩნდა რუსული სამხედრო ტექნიკის ფოტოები, რომელზეც "Z" იყო დატანილი. აღნიშნული სიმბოლოს ზუსტი განმარტება ამ დრომდე უცნობია, თუმცა რუსეთში მას აქტიურად იყენებენ ომის მხარდამჭერები. აღნიშნული სიმბოლოების არაერთი განმარტება არსებობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ "Z" რუსულად ნიშნავს "Za Pobedu" - გამარჯვებისთვის, ხოლო "V" - "Pravda V Sile" - სიმართლე ძალაშია.


