Accentnews.ge
“საზარბაზნე ხორცად გამოგიყენონ და მერე გვამიც მიაგდონ – ეს არავის გვჭირდება!”: რატომ დაბრუნდა უკრაინიდან 300-მდე ოსი მებრძოლი

“საზარბაზნე ხორცად გამოგიყენონ და მერე გვამიც მიაგდონ – ეს არავის გვჭირდება!”: რატომ დაბრუნდა უკრაინიდან 300-მდე ოსი მებრძოლი

01/04/2022 07:05:33 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი მე-4 რუსული სამხედრო ბაზის 300-მდე კონტრაქტორმა უკრაინის ფრონტზე რუსეთის მხარეს ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და სახლში დაბრუნდა.

როგორც უკრაინული მხარე იუწყება, ბრძოლაზე უარი განაცხადა “ერთ-ერთი ტაქტიკური ჯგუფის თითქმის მთელმა პირადმა შემადგენლობამ”, რომელიც დონეცკის მიმართულებით იყო განაწილებული.

მისივე ინფორმაციით, ცხინვალამდე კონტრაქტორებს თავისით მოუწიათ მგზავრობა.

თავის მხრივ, გამოცემა "Медиазона" წერს, რომ კონტრაქტორებს ომში წასვლა იმთავითვე არ სურდათ, ხოლო როდესაც აღმოჩნდა, რომ საბრძოლველად შესაბამისი ეკიპირებისა და აღჭურვილობის გარეშე უპირებდნენ გაგზავნას, უკმაყოფილება გაიზარდა.

როგორც გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ უამბო, უკვე ფრონტის ხაზზე ყოფნისას ბრძოლის შეწყვეტის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზეზად იქცა რუსი ზემდგომის ბრძანება, ერთ-ერთი გარდაცვლილი თანამებრძოლის ცხედარი იქვე მიეტოვებინათ და მის ოჯახში ცარიელი კუბო გაეგზავნათ.

"ბიჭებმა განაცხადეს, “ლაჩრები არ ვართ, მებრძოლები ვართ, მაგრამ როცა სასაკლაოზე გგზავნიან საზარბაზნე ხორცად და მერე შენს ცხედარსაც კი არ გაიტანენ – მსგავსი რამ არავის გვჭირდებაო", – აღნიშნა მან.

ეს ინფორმაცია დასტურდება აუდიოჩანაწერითაც, რომელზეც ერთ-ერთი მებრძოლი ოსურად საუბრისას მთელს ამ სიტუაციას აღწერს და ამატებს: "სალხში რომ დავბრუნდებით, ხალხს გავესაუბრებით და ცენტრალურ მოედანზეც შევკრებთ – ვუამბობთ, როგორ გეგმავდნენ ჩვენს გამოყენებასო".

სოცქსელების ოსურ სეგმენტში, ისევე, როგორც თავად ცხინვალის რეგიონში, მომხდარის ირგვლივ სკანდალი არ ცხრება. ამ ფონზე კიდევ უფრო გაიზარდა უკმაყოფილება დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის მიმართ, რომელიც 10 აპრილისთვის დაგეგმილ ე.წ. არჩევნებში კვლავ აპირებს “პრეზიდენტად” კენჭისყრას.

საქმე იმაშია, რომ სწორედ ბიბილოვი ახდენდა ოსი სამხედროების რუსულ არმიასთან შერწყმის ფორსირებას და კრემლის “რუხ კარდინალად” წოდებული ვიაჩესლავ სურკოვის გავლენის გამოყენებით ახშობდა ოკუპირებულ რეგიონში მათ ხმებს, ვინც ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა, ახლა კი ამის შედეგად ოსი კონტრაქტორები უკრაინის ომში რუსული ჯარის განუყოფელი ნაწილის სახით აღმოჩნდნენ.

"თავად ოსი მებრძოლების უკრაინაში საომრად გაგზავნის ფაქტმა იმთავითვე გამოიწვია დიდი უკმაყოფილება. რესპუბლიკამ ხომ მეომრების დიდი ნაწილი დაკარგა და ფაქტობრივად დაუცველი დარჩა საქართველოს წინაშე. თანაც, როგორც გაირკვა, ბიჭებს იქ კარგად დაცულ უკრაინულ პოზიციებზე კამიკაძეს სტილში, ყოველგვარი წინასწარ განსაზღვრული სტრატეგიის გარეშე უნდა განეხორციელებინათ შეტევები. ეს უზარმაზარ მსხვერპლს გამოიწვევდა. ამდენად, გარკვეულ მომენტში ოსმა მებრძოლებმა ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს და თავისებურად გააგრძელეს ბრძოლა, თუმცა ამას მოჰყვა დასჯა: რუსმა ზემდგომებმა განაცხადეს, რომ ოსურ ნაწილს არც საბრძოლო მასალას მიაწვდიდნენ, არც რუქებს", - წერს ჟურნალისტი რუსლან ტოტროვი.

30 მარტს უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში საბრძოლველად 2000-მდე სამხედრო იყო გადასროლილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S