Accentnews.ge
ერდოღანი: "თურქეთი მზადაა გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა"

ერდოღანი: "თურქეთი მზადაა გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა"

31/03/2022 16:34:42 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ანკარა მზადაა, გახდეს უკრაინისთვის ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანაუსაფრთხოების კუთხით.

„ანკარა მსგავს ინიციატივას დადებითად აღიქვამს, თუმცა დეტალური ანალიზია საჭირო“,– განმარტა მან.

მანამდე მსგავსი მზაობა გერმანიამაც გამოხატა.

თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა სისხლისღვრისა და ომის სწრაფად დასრულებას მოელის. ამასთან, მნიშვნელოვანია ცეცხლის დროებითი შეწყვეტის უზრუნველყოფა.

ამასთან, როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ანკარა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის თარიღის შეთანხმების მოლოდინშია:

„შემართებით ვარ განწყობილი ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი ამოცანა რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის უსწრაფესი ორგანიზებაა, ამის შესახებ მკაფიოდ განვუცხადებ ორივე ლიდერს“.

მან იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნება პუტინ-ზელენსკის შეხვედრის თარიღის შეთანხმება:

„ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ საჭირო პლატფორმა. პუტინისა და ზელენსკის თურქეთისადმი არსებული ნდობა საფუძველს გვაძლევს ვიმედოვნოთ შუამავლობის დადებითი გამოსავალი“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს 31 მარტის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ უკრაინის შესახებ მორიგი შეხვედრის იდეას.

29 მარტს სტამბოლში „დოლმაბაჰჩე“- ს სასახლეში გამართულ მოლაპარაკებაზე უკრაინამ რუსეთს წარუდგინა თავისი წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის თაობაზე ხელშეკრულების შესახებ, რაც შესაძლებელს გახდის ომის დასრულებას. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.

უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ზოგ ქვეყანას წინასწარი თანხმობა უკვე გაცემული აქვს.

უკრაინის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულება ასევე უნდა ასახავდეს გარანტორი ქვეყნების ურთიერთქმედების ეფექტურ მექანიზმს. ეს შესაძლოა, ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსიც იყოს (ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია). თუ უკრაინის წინააღმდეგ ომი, აგრესია ან სპეცოპერაცია დაიწყება, მაშინ გარანტორი ქვეყნები მართავენ კონსულტაციებს სამი დღის განმავლობაში, შემდეგ კი კანონით ვალდებული არიან, უკრაინას დახმარება გაუწიონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S