პუტინის ოჯახის მეგობარი: "უკრაინა რუსეთი არაა, სტალინი კი ბოროტმოქმედი იყო»
31/03/2022 13:29:07 მსოფლიო
ყირიმის კრემლის მიერ დანიშნული ყოფილი პროკურორი, "როსსოტრუდნიჩესტვოს" ხელმძღვანელის მოადგილე, პუტინის ქალიშვილის უახლოესი მეგობარი ნატალია პოკლონსკაია აცხადებს, რომ "უკრაინა უკრაინაა და არა რუსეთი, საბჭოთა დიქტატორი სტალინი კი ბოროტება იყო".
Youtube-არხ «Скажи Гордеевой»-სთვის მიცემულ თითქმის 2-საათიან ინტერვიუში პოკლონსკაიამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს "კატასტროფა" უწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინის მოსახლეობისთვის "როსსოტრუდნიჩესტვოს" თანამშრომლის რანგში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების ინიციატივით გამოვიდა.
«აი, ასე გვმართებს მოქცევა. უნდა დავეხმახროთ ადამიანებს, ყველა ხომ "ბანდეროველი" არაა», – აღნიშნა მან.
ამავდროულად, პოკლონსიამ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის კაპიტულაციისკენ მოუწოდა.
«დღეს მას ევროპაში გმირად წარმოაჩენენ. ჩემი აზრით კი, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, კაპიტულაციის ჩათვლით. მე ადამიანების სიცოცხლეს ავირჩევდი. ნებისმიერ ფასად. ხალხი გამიგებდა», – დასძინა პოკლონსკაიამ.
აღსანიშნავია, რომ ეს მის მიერ ორაზროვანი პოზიციის დაფიქსირების პირველი შემთხვევა არაა. 2 მარტს პოკლონსკაია ანტისაომარი ლოზუნგებით გამოვიდა.


