დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა
31/03/2022 12:06:05 მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.
ამჯერად სასანქციო სიაში მოხვდნენ მედიის წარმომადგენლები და სამხედრო მაღალჩინოსნები. კერძოდ, მედიის ცნობით, შეზღუდვები დაუწესდა ტელეწამყვანს სერგეი ბრილევს, ასევე კრემლის მიერ დაფინანსებული კომპანია „ნოვოსტის“, რომელიც ფლობს ტელეკომპანია „რაშა თუდეის“.
როგორც მედია იუწყება, „შავ სიაში“ ასევე მოხვდნენ „გაზპრომ მედიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრ ჟაროვი, „რაშა თუდეის“ მმართველი დირექტორი ალექსეი ნიკოლოვი და „საერთაშორისო მაუწყებლობა სპუტნიკის“ ხელმძღვანელი ანტონ ანისიმოვი.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადებით, უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის ომი დაფუძნებულია „ტყუილის ნიაღვარზე“.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს.
25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ. დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს. რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.


