Accentnews.ge
"სამმა ჩვენმა ტანკისტმა 16 წლის გოგოზე იძალადა", "ძაღლის ხორცსაც ვჭამთ" – უკრაინის უშიშროება სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტების სატელეფონო საუბრის ხმოვან ჩანაწერს ავრცელებს

"სამმა ჩვენმა ტანკისტმა 16 წლის გოგოზე იძალადა", "ძაღლის ხორცსაც ვჭამთ" – უკრაინის უშიშროება სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტების სატელეფონო საუბრის ხმოვან ჩანაწერს ავრცელებს

31/03/2022 10:50:48 მსოფლიო

უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს სატელეფონო საუბრის ხმოვან ჩანაწერს, რომელშიც უწყების თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკრაინაში ჩადენილ ქმედებებზე საუბრობენ.

სატელეფონო საუბრის ხმოვანი ჩანაწერის პირველ ნაწილში, სავარაუდოდ, რუსი სამხედრო საუბრობს იმაზე, როგორ იძალადა მისმა თანამებრძოლმა სამმა ტანკისტმა16 წლის გოგოზე. ხოლო ჩანაწერის მეორე ნაწილში, სავარაუდოდ რუსი ჯარისკაცი ჰყვება, რომ გადავიდნენ ძაღლის ხორცის ჭამაზე მას შემდეგ, რაც ქათმისა და ბატის ხორცი გამოელიათ.

ცოტა ხნის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ "სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევაა, როდესაც რუსი ჯარისკაცები ქალებს აუპატიურებენ უკრაინის ქალაქებში".

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი მარია მეზენცევა აცხადებს, რომ "უკრაინა რუსეთის შემოჭრის დროს ქალთა გაუპატიურების შემზარავ შემთხვევებზე თვალს არ დახუჭავს".

მისი თქმით, ქვეყანაში სადღეისოდ უკვე ბევრი მსხვერპლია, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.

როგორც მან აღნიშნა, ყველა ინციდენტი უნდა აღინუსხოს და გასაჯაროვდეს, რადგან საბოლოოდ დამნაშავე დაისაჯოს და სამართალი აღსრულდეს.

"ამჟამად პროკურატურა განხილავს ერთ ძალიან მძიმე საქმეს. მე არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს, მაგრამ ეს არის საშინელი ინციდენტი. კიევთან მდებარე ერთ–ერთ ქალაქში, მტერი შევარდა ერთ–ერთ სახლში, მოკლა სამოქალაქო პირი მამაკაცი და მისი ცოლი, ბოდიში, მაგრამ უნდა ვთქვა, რამდენჯერმე გააუპატიურეს არასრულწლოვანი შვილის თვალწინ", – განაცხადა მეზენცევამ ბრიტანულ მედიასთან საუბრისას.

მისი თქმით, უკრაინას შეუძლია, ისარგებლოს სხვა ქვეყნების, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის გამოცდილებით, როგორ დაეხმაროს მსხვერპლს ომის შემდგომ პერიოდში.

"მსხვერპლი ბევრია. რაზეც მე ზემოთ ვისაუბრე, ეს მხოლოდ ერთი საქმეა რომელიც გენერალურმა პროკურორმა გაასაჯაროვა. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ბევრ მსგავს საქმეს ველოდებით, რომელიც საჯარო გახდება მას შემდეგ, რაც დაზარალებულები მზად იქნებიან ამაზე სასაუბროდ", – დასძინა მან.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს.

25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ. დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს. რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S