გაერომ უკრაინაში ომის შესაძლო დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური კომისია შექმნა
31/03/2022 07:19:02 მსოფლიო
გაერომ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების შემგროვებელი კომისიის სამი წევრი დანიშნა.
კომისიას უხელმძღვანელებს ნორვეგიის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალის ყოფილი თავმჯდომარე ერიკ მოისე. კომისიაში შედიან გაერო-ს ყოფილი სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებების საკითხებში, კოლუმბიელი პაბლო დე გრეიფი და ბოსნია-ჰერცეგოვინის ადამიანის უფლებათა კომისარი იასმინკა ჯუმჰური.
უკრაინა და მისი მოკავშირეები რუსეთის არმიას ომის დანაშაულებში სდებენ ბრალს. მათ შორის ქალაქების განურჩეველ დაბომბვსა და ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) უკვე დაიწყო გამოძიება უკრაინაში ომის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე.
რუსეთი თავის მხრივ უკრაინას ადანაშაულებს მის მიერ კონტროლირებადი სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ ქალაქების დაბომბვაში.
Reuters-ის ცნობით, რუსეთმა გაეროში კომისიის შექმნა გააპროტესტა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს.
25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ. დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს. რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.


