ზელენსკი – საქართველოდან გაწვეულ ელჩს: "თუ არ იქნება იარაღი, სანქციები და შეზღუდვა რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, მოძებნოთ სხვა სამუშაო“
31/03/2022 05:18:10 მსოფლიო
"თუ არ იქნება იარაღი, სანქციები და შეზღუდვა რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, მოძებნოთ სხვა სამუშაო", – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მათ შორის საქართველოდან გაწვეულ ელჩს.
ამასთან, მან მაროკოდან ელჩის გაწვევის შესახებ განაცხადა.
„არიან ისეთები, ვინც ყველასთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად, რათა უკრაინამ თავისი მომავლის უზრუნველყოფა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის შრომას. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ტყუილად კარგავენ დროს და მუშაობენ მხოლოდ თანამდებობაზე დარჩენისთვის. დღეს ხელი მოვაწერე მაროკოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ. საქართველოდანაც დაბრუნებულია ელჩი. მთელი პატივისცემით: თუ არ იქნება იარაღი, სანქციები და არანაირი შეზღუდვა რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, მოძებნოთ სხვა სამუშაო“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში ელოდება კონკრეტულ შედეგებს ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში უკრაინის წარმომადგენლების მუშაობიდან.
მისი თქმით, იგივე შედეგებს ელოდება სამხედრო ატაშეებისგან:
„დიპლომატიური ფრონტის ხაზი ერთ-ერთი მთავარი ფრონტია და იქ ყველამ უნდა იმუშაოს, რაც შეიძლება ეფექტურად, რათა დაეხმაროს ჯარს. დიპლომატიურ ფრონტზე თითოეულმა უნდა იმუშაოს ისე, როგორც ჩვენმა მცველებმა ბრძოლის ველზე“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი იგორ დოლგოვი [კონსულტაციებისთვის] 1 მარტს გაიწვია და მიზეზად დაასახელა ქართული მხარის მიერ „მოხალისეების არგამოშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია“.


