
პენტაგონი: „გასული 24 საათის განმავლობაში რუსული ძალების 20%-მა პოზიციები შეიცვალა“
30/03/2022 20:12:21 ევროპა
პენტაგონის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსული ძალების 20%-მა პოზიციები შეიცვალა, ზოგიერთი მათგანი ბელარუსისკენ მიემართება.
„ჩვენი შეფასებით, როგორც გუშინ აღვნიშნეთ, ისინი აპირებენ ამ ძალების გადაიარაღებას, მარაგების შევსებას და უკრაინაში, სადმე გამოყენებას“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ.
მისი თქმით, რუსეთი სერიოზულად რომ ყოფილიყო განწყობილი დეესკალაციის მიმართ, ისინი ძალებს მუდმივი დისლოკაციის ადგილზე გაგზავნიდნენ. თუმცა, ამის მიუხედავად, კვლავ საარტილერიო ცეცხლითა თუ საჰაერო დარტყმებით ბომბავენ კიევს.
კირბის თქმით, რუსული ძალები დონბასის რეგიონში გააქტიურდნენ და აღნიშნა, რომ „ვაგნერის ჯგუფის“ 1 000-მდე წევრი ამჟამად დონბასში იმყოფება.
მან ისაუბრა მარიუპოლზეც:
„ეს ადგილი, სტრუქტურული თვალსაზრისით, რუსული ავიადარტყმების შედეგად უბრალოდ განადგურებულია. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, რეკრეაციულ პარკებს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.