პესკოვი: "არანაირი სტალინგრადები კალენდარში არ გვაქვს"
30/03/2022 12:14:16 მსოფლიო
კრემლის პრეს–სპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს "კალენდარში არანაირი სტალინგრადები არ გვაქვს".
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს რუსი ექსპერტების ნაწილის მოსაზრებაზე, რომ რა საჭიროა მოლაპარაკება, როცა „საბრძოლო მოქმედებების კალენდარში უკვე სტალინგრადია“. აღნიშნულის საპასუხოდ პესკოვმა შემდეგი განაცხადა:
„არანაირი სტალინგრადები კალენდარში არ გვაქვს და არც უნდა იყოს. მოლაპარაკებით დაკავებული არიან პროფესიონალები და მათ უნდა ენდონ".
ცნობისთვის: 29 მარტს სტამბოლში მოლაპარაკებისას უკრაინამ რუსეთს წარუდგინა წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. კიევის პოზიციაა, რომ უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. უკრაინა გარანტად მოიაზრებს დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, თურქეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს.
საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ მოლაპარაკება ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში გააგრძელეს. უკრაინისადმი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის ნეიტრალიტეტია.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.


