მედია – ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას მეტი ლეტალური იარაღი გაუგზავნოს
30/03/2022 11:24:05 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა გუშინ მინისტრთა კაბინეტს განუცხადა, რომ სურს, უკრაინას უფრო მეტი ლეტალური სამხედრო დახმარება გაუგზავნოს, – იუწყება The Times.
გამოცემა ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი ბრიტანეთი გადადის უკრაინის მხარდაჭერის "ახალ ფაზაში" და მთავრობა განიხილავს რა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება შეუძლია.
"უკრაინის არმია არა მხოლოდ დიდ ქალაქებს იკავებს, არამედ რუსებს უკან დახევას აიძულებს. ამასთან ერთად ჩვენი მხარდაჭერაც უნდა შეიცვალოს", – აცხადებს ოფიციალურ წყარო The Times–სთან საუბრისას.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს.
25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ. დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს. რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.


