ვოლოდინი გამოდის ინიციატივით, ევროკავშირს რუბლში ანგარიშსწორება არა მხოლოდ გაზის, არამედ მარცვლეულისა და ხე–ტყის ექსპორტის შემთხვევაშიც მოსთხოვონ
30/03/2022 11:16:35 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდი გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირს რუბლში ანგარიშსწორება არა მხოლოდ გაზის, არამედ მარცვლეულისა და ხე–ტყის ექსპორტის შემთხვევაშიც მოსთხოვონ.
"ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა შეწყვიტონ საუბარი და რაიმე გამართლების მცდელობა იმის შესახებ, თუ რატომ არ შეუძლიათ რუბლებში გადახდა. გაზი თუ გინდა, იპოვე რუბლი. უფრო მეტიც, სწორი იქნება, გავაფართოვოთ რუბლში ანგარიშსწორების საექსპორტო პროდუქციის სია. შევიტანოთ სასუქი, მარცვლეული, საკვები ზეთი, ქვანახშირი, ლითონები, ხე-ტყე და ა.შ. და მოვითხოვოთ რუბლში ანგარიშსწორება", – განაცხადა ვოლოდინმა.
ცნობისთვის: 29 მარტს რუსეთმა განაცხადა, რომ ხუთშაბათისთვის შეიმუშავებს პრაქტიკულ ღონისძიებებს უცხოური კომპანიებისთვის, რომ რუსული გაზის საფასური რუბლში გადაიხადონ. სპეციალისტების თქმით, ეს მოთხოვნა მიწოდების შეფერხების ალბათობას გაზრდის, რადგან დასავლური ქვეყნები უარს აცხადებენ, მოხმარებული გაზის საფასური რუბლში გადაიხადონ.
რუსული გაზსადენები მას შემდეგ მოექცნენ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, რის გამოც მას დასავლეთმა მკაცრი სანქციები დაუწესა. რუსული ბუნებრივი აირი ევროპის მოთხოვნის 40%-ს აკმაყოფილებს. აქედან იამალ-ევროპის გაზსადენზე რუსეთიდან მიწოდების დაახლოებით, 15% მოდის.


