უკრაინის პარლამენტს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი წარედგინა
30/03/2022 10:40:33 მსოფლიო
უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წარედგინა კანონპროექტი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსა და მისი წევრი ეკლესიების აკრძალვის შესახებ. ეს ნიშნავს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვანი, უკრაინის მართლმადიდებელი, ეკლესიის აკრძალვას. შესაბამისი დოკუმენტის ანკეტა პარლამენტის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
კანონპროექტი, რომელიც ჯერ არ არის შეტანილი კენჭისყრის გრაფიკში, მისი მიღებიდან 48 საათის განმავლობაში ითვალისწინებს მოსკოვის დაქვემდებარებაში არსებული საეკლესიო ხელისუფლების მთელი ქონებისა და ასევე რუსეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების მართვის ნაციონალიზებას. მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ეკლესია ასევე დაკარგავს არქიტექტურული ძეგლების, მაგალითად, კიევ-პეჩორის ლავრას, პოჩაევის მონასტრისა და სვიატოგორსკის ლავრის მართვის უფლებას. სამრევლოებს, მონასტრებსა და სემინარიებს „სინდისის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე“ ახალი ეკლესიის ასარჩევად 14 დღე მიეცემათ.
უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ყველაზე მრავალრიცხოვან უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც ფართო ავტონომია აქვს მინიჭებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ფარგლებში, ხშირად აკრიტიკებენ მოსკოვთან კავშირის გამო.
თებერვლის ბოლოს, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ინტერვენცია წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის ტერიტორიასა და დასავლეთის ქვეყნებში მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების ეპარქიები და მრევლი მკვეთრად აკრიტიკებენ პატრიარქ კირილს უკრაინაში მიმდინარე ომის უგულებელყოფის გამო. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 53 ეპარქიიდან სულ მცირე 15-მა უარი თქვა ლოცვებში კირილის მოხსენიებაზე.
მაისში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაგეგმილია ეპისკოპოსთა საბჭო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეკლესიის მთავარეპისკოპოსები და მიტროპოლიტები. რიგი საეკლესიო ექსპერტები მოუწოდებენ საბჭოს, რომ მოითხოვოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა ან დააყენოს კირილის გადაყენების საკითხი.


